ბრწყინავს ვარსკვლავი


ცა მხიარულობს.. ქვეყნად კი ისევ
სიჩუმე მეფობს გულ-მოსაკლავი.
სადა ხარ, ბედო, სადა ხარ, ბედო,
ბრწყინავს, კანკალებს ჩემი ვარსკვლავი.
ცას სქელი ნისლი გადაეფარა,
ნისლმა წაიღო ოცნების ნავი,
სურს, რომ გაიგოს ისევ სცოცხლობს თუ
ჩაჰქრა, მინელდა ჩემი ვარსკვლავი.
ეჰ, არა, არა! მას კიდევ ძალუძს
ისევ ინათოს, ისევ იბრწყინოს,
ბედის მგმობელი ეკლიან გზაზე
შარავანდედით დამაგვირგვინოს.
თუ არა, მოსწყდი მაშინ, ვარსკვლავო,
უხილავ იქნეს შენი კაშკაში.
და მეც გავქრები დედამიწიდან
ვით მეტეორი მსოფლიო ცაში!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი