გადმოფრენას ეს ყორანი


გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირებს.
ასე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
ასე რეკავს საზანდარი -
უქმი, შემაქცევარი,
რომ ისმოდეს საიათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედლებს ფარშავანგები.
სული სტირის და როს ნანას,
კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,
დაანებე ფიროსმანას
სევდიანი ტვირთები,
რომ წავიდეს ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
რომ რეკავდეს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.
ოცნებაო, ჩემო ძველო,
ვართ ღამეთა მთეველი,
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დაულეველი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
მიშიკო ხალიჩაშვილიპოეტი1 თვის წინ

როგორ მიყვარს, საოცარი ლექსი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი