გამონაკლისი


ცეკვაში თითქო ფრთებია
შენი ხელების მტევნები;
მე თვალს გადევნებ, მე მხოლოდ
ოცნებით დაგედევნები...
ახალგაზრდობა შენს ირგვლივ
ფერად ფერხულში ჩაება,
შენთვის უცხოა დარდი და
გულგამყინველი ვაება.
ახალგაზრდობას შენს ირგვლივ
საამური აქვს მსვლელობა,
(სადღაც კი თვალებს აცეცებს
გულგამყინველი მკვლელობა).
ახალგაზრდობას, რომელმაც
შენ აღტაცება დაგარქვა,
არ განუცდია, რა არის
გულგამყინველი დაკარგვა.
და ფრთები, მხოლოდ ფრთებია
შენი ხელების მტევნები,
ეგ სიხარული, ეგ ღიმი,
ეგ ბაღი, ეგ შადრევნები.
სხვისთვის კი ბედმა არც ვარდი,
არც გაღიმება ინება,
გიცქერ და გულნაღვლიანად
წარსულზე გამეცინება.
რად ვერ ისწავლეს ღიმილი
და თავისთავის დანდობა,
საკუთარ ხელით რად მოჰკლეს
თავისი ახალგაზრდობა?

გიცქერ და ვფიქრობ, მზიანო,
გიცქერ და გულით ვევნები -
რომ ფრთები, მხოლოდ ფრთებია
შენი ხელების მტევნები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი