გერმანიის დილა


ხალხით სავსე პროსპექტზე
გამოვიდა ის დილით,
და დაადგა თავის გზას
პირზე გესლის ღიმილით.

გზაზე ვინც შეხედავდა
სახეს, ღიმით ნაწვალებს,
შესდგებოდა და გამვლელს
არ აცილებდა თვალებს -

ციხის კართან ჯალათმა
დააწკარუნა ზარი
და დარაჯებმა მოსულს
სწრაფად გაუღეს კარი.

მზადაა ყველაფერი:
მიწა მონამტკიცარი,
შემაღლებულ მიწიდან
კიბის სამი ფიცარი.

ნაჯახი ძევს მახლობლად
საშინელი,  დაცდილი
და იქავე კუბო სდგას
სახურავგადახდილი.

მარჯვნივ ლურჯი მაგიდა,
მაგიდაზე წიგნია;
შიგ ჩასწერენ: ვინ იყავ,
რა რასის, რა გიქნია.

ციხე უზარმაზარი
მარცხნივ გრძელ ჩრდილს ისროდა
და სიცივე ჰაერში
შემხუთველად იძროდა.

იდგა შეწუხებული
ფაშისტების კრებული.
როდის დაჰკრავს საათი?
ამ ცდამ წაიღო გული.

და ამ გაფიქრებასთან
როდის დაჰკრავს საათი -
მდაბლად თავის დაკვრითა
გამოვიდა ჯალათი.

შორს, ქალაქის სიღრმეში,
ისმის საათის რეკა.
გაცურდა ცის სივრცეში
და სადღაც დაილეკა.

სხვა საათებთან ერთად
ცივი და საზიზღარი,
თავგამოდებით რეკავს
ციხის პატარა ზარი.

და როდესაც საათის
შეწყდა ხმა უბედური,
ციხის გულში ქალის ხმა
გაისმა გაბედული.

ჯალათმა დინჯად, ზლაზვნით,
ნაჯახს მოჰკიდა ხელი.
არავის საუკუნოდ
არ უჩანს წუთი გრძელი.

ორს დარაჯს ქალისათვის
ჩაუჭიდნია ხელი
და ჯალათისკენ სწრაფად
მოჰყავს ის დასასჯელი.

აჰა, მაგიდას სწრაფად
მოუსხდნენ ფაშისტები.
„რა ლამაზია“ - ისმის
მკვლელთ ცინიკური ხმები.

უცებ შეჩერდა ქალი,
მსგავსი მსუბუქი ჩრდილის,
მოშორებულმა საკანს
შეიგრძნო სიო დილის.

შესდგა და წამებული
მაღლა ასწია თავი,
ცა დაინახა ლურჯი,
ცა - ესდენ მომხიბლავი.

რაღაც უცნობი გრძნობა
გულს შემოაწვა ტბორად:
ეს ხომ ცა არის ლურჯი
გადაჭიმული შორად?

მკერდი ათრთოლდა სუფთა
ჰაერის საყნოსავად,
თითქოს არ იცის, ამ დროს
დღე უბნელდება შავად.

ჯალათმა დინჯად, ზლაზვნით
მაღლა ასწია ხელი;
- „ძირს ფაშისტები“, - ისმის
ქალის ძახილი მწველი.

„ძირს სისხლის მსმელთა ხროვა,
ძირს საზიზღარი მკვლელი!“
ჯალათმა სწრაფად დასცა
ნაჯახიანი ხელი.

ხალხით სავსე პროსპექტით,
ცივი საღამოს ჩრდილით,
ბრუნდება ბინისაკენ
პირზე იმავ ღიმილით.

მას ხომ არც ერთმა გრძნობამ
გულში არ გაურბინა,
როს ქალის უსიცოცხლო
სხეული ეგდო წინა.

სხვა საკანს ედებოდა
ახლა იმისი აზრი:
როგორ სჭრის დაუცდენლად
მისი ნაჯახი ბასრი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი