გოტიეს

თქვენს მშობლიურ სავანეს დაარქვით პიმოდანი.
იგი მარად ფერობდა დელაროშის ფერებით.
ჩვენ ნათელი გველოდა არამცირეოდენი,
არამცირეოდენი დაფნით და დაფერებით.
ბედნიერი იგი დრო, ეხლა უფრო ანკარა!
თვითეულში ელავდა ბრიუმელი ან ლოზენი.
ნეტავი სად არიან ყველა ეს უანგარო
პოეტები, მხატვრები, ქალნი მომიმოზენი?
ირგვლივ მოგონებების თეთრი ნაკადებია,
ირგვლივ ნაკადებია მსუბუქი და ფარული.
მყუდრო ბინა ბრწყინავდა, როგორც აკადემია,
გამოთქმებით ცხოვრება იყო ლეგენდარული.
ჩვენ ვეძებდით რამე ღრმას, გვსურდა რამე ქართული,
რითმა - ნიუანსები, რიტმიული ლანდები.
სად არიან ყველა ამ მორევებში ჩართული
მენადები - გედები და ფრთები - ინფანტები?
ეხლა კი გზა ეკლებზე უფრო უეკლესია,
არავისთვის არ არის სული უფრო სათელი.
ეხლა მარტოდ მარტო ვარ, როგორც მთის ეკლესია
და საკვდავად მიღიმის ჩამავალი ნათელი.
კომენტარები (0)