და სისინებდენ, სისინებდენ ჩალის ღერები
ციკლიდან „პაციფიზმი“ მოჰქროდა ქარი სუსხიანი გიორგობისთვის. ვრცელ ტრანშეებზე დასცქეროდა ვრცელი, სერები, სანთლის ღერებად ჩარიგებულ ოქროობისთვის სალამურებად სისინებდნენ ჩალის ღერები. გარეულ იხვზე მეოცნებე და სულწასული სდუმდა ბათურა, დასერილი ჩალის ფერებით, ყვითელ პარკებში აბრეშუმად ცაზე ასული სულ სისინებდნენ, სისინებდნენ ჩალის ღერები. მზის ჩაგორებას ფერი ედო უცხო სურნელის, ჭილოფის ქუდით იყო ველი და ნამქერები, როგორც თითები მომაკვდავის, განუკურნელის, ნერვიულობდენ ჩამომხმარი ჩალის ღერები. გაყვითლებული ჯარისკაცის ჰკვდებოდა გრძნობა. ის დაჭრილია. რა ამაოდ მას ეფერები. აგონდებოდა მას ქარხანა, დედა, ბავშვობა... და სისინებდნენ, სისინებდნენ ჩალის ღერები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი