დავასაფლავეთ
ნაზი ყვავილი ობოლ საფლავსა, ობლად მიგდებულს, კვლავ ამშვენებდა, გაზაფხულისა ნიავი ნელი სურნელსა არეს მიმოაკმევდა. სიჩუმე იყო სასაფლაოზე, ეთერის სული აქა-იქ ჰქროდა, იცრემლებოდა ვარდი მდელოზე და გულ-საკლავად წყარო სტიროდა. დიდი ხანია, რაც მეგობარი ჩვენთან არ არის: დავასაფლავეთ! შემომეჩვია სევდა საზარი და გულ-ღვიძლს მიღრღნის ნელ-ნელ და მწვავეთ. მეგობრის სახეს სხვა ძლიერება თვალ-წინ მიხატავს ძილში თუ ცხადში. მრავალთ ძალ-ღონე ქვეყნად იხრწნება, ის კი - სიბნელით მოცულ საფლავში. ოჰ, ქარიშხალო, გთხოვ, გევედრები, საბედისწეროდ გაშალე ფრთები, ნუ გებრალება ახალ-გაზრდობა, ჩემი სიცოცხლე და იმედები. ნუ გებრალება ჩემი ყვავილი, დაჰქუხე რისხვით, დაჰქუხე მწარეთ, სულს არ სტანჯავდეს მეგობრის ჩრდილი და აღარა ვსთქვა: „დავასაფლავეთ!“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი