დაღუპულთ - გამოუსვლელობისგან
მედგრად მიიკვლევს გზას ავანგარდი, სხვას კი სარდაფში ჩაიყვანს დარდი, გამოუსვლელი დარდი დამხობის. არ დაელევა მას სანდომარი, რომ ცოცხალ-მკვდარის სადღეგრძელო სთქვას, ცოცხლის კი მხოლოდ შესანდობარი! ძველი არასგზით არ ეშვება სულს, გადამთუთქველი და ალიანი - ხშირად ტაბიძის პურმალით სურთ, რომ შეიწყალონ ავალიანი! ხანჯალი მხოლოდ რკინა როდია, სიტყვაც რკინაა და სატევარი - და ძირს ეშვება ჯერი ნოტიო და გზაც არაა მისადევარი! ეს სარდაფია? აქ მბჟუტავ სხივად ანათებს სიტყვა, ბოთლი, ლანგარი.. ეს სამარეა - ეს ყოველმხრივად გადახურული წყევლის სანგარი.. არა, არასდროს რჩევის დამჯერი, ეს შეჭიდება, ვნება რკინება.. სად თანამგზავრი და მხარდამჭერი. ათასწლოვანი ბორგავს გინება. თუ აზიური უკრავს ფანდური, თუ უცხოური ღმუის ებანი - ყოველივეში მიმოფანტული არიან ნგრევის სურნელებანი. მონტილიადოს უკვდავი ტევრი - ჭური - იხსნება და იხაპება.. ნიღაბის ახსნა მინახავს ბევრი - მაგრამ ასეთი განიღაბება? ძველო დროვ, აი, შენი ნათესი.. ეს სისხლიანი სახე მვნებელი. შენი ოცნება უპირატესი - უპირატესი და მბრძანებელი! აი, ასების და ათასების - უმეთაუროდ ჩიხში წრიალი.. აი, შხამებით სავსე თასების მიმოგზავნა და მიმოტრიალი. ვინ მოიტანა ეს მღვრიე ქარვა, ეს შემოზღუდვა და შემოქარვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი