დგება ნაზი შემოდგომა


დგება ნაზი შემოდგომა და მეც სევდით ვეგებები...
შეიცვალა ირგვლივ რაღაც... მაგრამ რაა, რომ ვერ ვხვდები?!
ოქროს ფოთლებს ხეივნებში ფერხული აქვთ, როგორც ძველად...
როგორც ძველად, მთვარიან ცას ღიმი უკრთის მიმზიდველად...
როგორც ძველად, ნიავ-ქარი დასრიალებს ჩემს მახლობლად,
ჭკნობის სუსხი ახლოვდება... მხოლოდ მე ვარ ეხლა ობლად...
იყო ჩემთან... ჩემთან იყო ის თვალები... ის ღიმილი,
როგორც შორი მოჩვენება, ვით ზმანება ნაზი, ტკბილი...
აღარ არის... გაზაფხულის ყვავილებთან ერთად მოკვდა
და ეგ გულიც უჩვეულო დარდ-კაეშნით ამიტოკდა.
ფერმილეულ შემოდგომას მარტოდ-მარტო ვეგებები...
ველოდები ნახულ სახეს და ლოდინში ვკვდები... ვკვდები!
ვარსკვლავთ შუქი დაიცარა და განელდა მიმქრალ ცაში,
მხოლოდ მთიებს ისევე აქვთ იქ სინათლე და კაშკაში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი