დიდი, სახალხო!
ვინც კი პოეტის, მხატვრის, არტისტის უმშვენიერესს ატარებს სახელს, მე მინდა ვუთხრა: სამშობლო გიცდის, სამშობლო საქმეს გთხოვს ახალ-ახალს. პოეტს, რომელიც წრფელია გულით, ვისიც სიმართლით ჰწყავს საწყაული - ეხმაურება სრული გუგუნით ეს დღევანდელი დღესასწაული. გზით გაკვალულით თამამად მიდის, თხუთმეტი წელი დიდი დიდებით, სავსეა მხარე თუნდაც კოლხიდის სასწაულების მაგალითებით. ამშენებელი, რომელიც წინად კარისყურამდე აღწევდა ძლივას - თავს დასტრიალებს ფოლადს და რკინას და უდიადესს შლის პერსპექტივას. სწორედ ის დღეა, როდესაც მხატვრებს აღფრთოვანება არ აკლებს თემას, თავისუფლებას, იდეებს, ნატვრებს, ნიჭის, ღირსების პატივისცემას. რა ძლიერია მხატვრის იერი, როცა ამაყად დროშებს ჩაუვლის: ოქტომბრის დროშის მონახა ფერი, ფერი სახალხო დღესასწაულის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი