დილა (რა კარგზე კარგი)
რა კარგზე კარგი დროა თენება, ელექტროშუქთა ქრება შვენება, მიდის აბრისად, როგორც ჩვენება, ლანდი ქარხნისკენ, ვით გახსენება. დაჰკრეს! საყვირის ხმით იდევნება ქალაქის ძილი და მოსვენება. შემოდის დროის გადაჭენება: შენება, ძმებო, ისევ შენება! და არის დილის სისხამი ცვარი. რეკავს პირველთა მანქანათ ზარი. ავტომობილის ხმა ისმის ცხარი, სადღაც შორიდან ბრუნდება ჯარი მედგარი, მტკიცე, მაგარი, მყარი. ბაღებს ფერადი და მრავალგვარი გამოცოცხლებათ ედება ღვარი. დილის გაზეთებს იტაცებს ჩქარი მიდამო, ქუჩა, სახლი და კარი... იმღერე, დილავ, ხმა ისმის მკვეთრი, იმღერე - ითხოვს ბაღის დღე თეთრი, იმღერე - ღელავს ზღვის ტალღა მყვედრი, იმღერე - ამბობს ყველა შემხვედრი, იმღერე - რეკავს მთელი ქალაქის ყოველი მეტრი და კილომეტრი! არის მჩქეფარე ცოცხალი დილა... ჯერ მზის ისრებიც არ ამოწვდილა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი