დრამა ერთი ბინისა
ციკლიდან „ეპოქა“ დღემდე შენ თუმცა გქონდა სასოწარკვეთა მწველი, მას მწუხარების გველი ტკივილებისგან ღრღნიდა. მაგრამ წამება დიდი, დაგუბებული გულში, საშუალებას გგვრიდა გამწარების და წყევლის. ის მწუხარება დარჩა, მაგრამ ემსგავსა საფლავს, ჩლუნგი, დახშული, ცივი - გადაეფარა ოჯახს, ის მოძრაობას ბოჭავს, ის ნებისყოფას დამბლავს, იგი მომავალს ავსებს გაუშუქებელ ღამით. თან შემოდგომა დადგა, თან წამოვიდა წვიმა, ქარმა დაჰბერა უცებ, ბაღიც გაშიშვლდა უცებ, გულდარდიანი ისმის ახმაურება ხეთა. ღამეებია ბნელი, ღამეებია ვრცელი. უცებ დაბრუნდა შენთან, გადაკარგული სადღაც, ეხლა გამხდარი, ჩუმი, და ავადმყოფი - იგი... ვერ გადაურჩა ყინვას, ვერ გადაურჩა სირცხვილს, „აი, დავბრუნდი“ - ამბობს. „დარჩი“ - პასუხი შენი. მხოლოდ ეს იყო თქვენში. არც ერთი სიტყვა მეტი. არც ერთი სიტყვა წარსულს, არც ერთი სიტყვა მყობადს. ერთიმეორის თვალწინ საბედისწერო დღიდან თქვენ ერთ ბინაში სდუმხართ და რაღაცაზე ფიქრობთ. თქვენ შეიძლება უცდით სასწაულების მოსვლას, როცა გათბება გული პატიებით და გრძნობით? ან აღტაცებას უცდით? მაგრამ ამაო ცდაა. თქვენ ერთ ბინაში სდუმხართ და რაღაცაზე ჰფიქრობთ. იქნებ გასრესილ ფიქრად მოგეზმანებათ თავი, ერთი მეორეს უცქერთ და მხოლოდ ამას ჰფიქრობთ: შენ: ხომ დაამხვე ჩემი, ცივო ტიკინა, ბედი? ის: ხომ გასრისე, გველო, ახალგაზრდობა ჩემი? თქვენში რომელი სტყუის? ან რომელია წმინდა? გამოიღვიძეთ, კმარა! ყოფნას გაჰხედეთ ახალს. გაიფანტება ჩრდილი გარდამავალი დროის. საქართველოში, გრძნობდეს, ყოველი ჩუმი სახლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი