დღეთა-გარდასულთა


გარდასულთა ტკბილთა დღეთა მოჩვენება მე შევქმენი,
მასში კრთოდა სილამაზე შარავანდედ შუქის მფენი.
მასში წმინდა, უჩვეულო, ზეციური ცეცხლის მჩენი,
ცისფერ თვალებს ანაზებდა სინარნარე აღმამფრენი.
და დღედაღამ იმ ოცნებას ატარებდა ფიქრი ჩემი,
იდუმალად არრა მქონდა მწუხარე ჟამს ნუგეშმცემი;
ნისლით იყო დაბურული ჩემი ზეცა და ედემი,
და სალ კლდისკენ მიმართული იმსხვრეოდა რწმენის გემი.
მხოლოდ ერთხელ შევამჩნიე მოჩვენების მსგავსი სახე,
ჰაეროვან და მიმზიდველ ქალწულთ შორის დავინახე.
შემდეგ ბევრი ვივაგლახე, მთა და ბარი გადავლახე,
მაგრამ მაინც ვერსად ვნახე იმ თვალთ შუქი მოცახცახე!
დარდ-კაეშნით შესუდრული არ ვითვლიდი ყოფნის დღეებს,
დემონიურ სულის ლტოლვით გადავევლე მთებს და ტყეებს,
ეკლიანი გზის სიძნელე დავძლიე და გადავლახე,
მაგრამ შენი ნაზი სახე ვერსად ვნახე, ვერსად ვნახე!
ცის ფსკერიდან ხმელეთამდე მოვიარე კიდით-კიდე,
ავაშფოთე ზღვის ტალღები, დავარღვიე ტბის სიმშვიდე,
ყმაწვილური გატაცებით ზვირთი ზვირთებს დავაჯახე,
მაგრამ შენი ნაზი სახე ვერსად ვნახე, ვერსად ვნახე!
დავითვალე ყვავილთ გუნდი, ტბის ლერწმებიც ვათვალთვალე,
არყოფნის წიგნს დავუკვირდი, ყოფნის წიგნიც გადავშალე,
წავიკითხე ცის ლაჟვარდზე ვარსკვლავთ თრთოლვა მოცახცახე,
მაგრამ შენი ნაზი სახე ვერსად ვნახე, ვერსად ვნახე!
სად არ ვიყავ, სად არ გძებნე, ვის არ ვკითხე, ვის არ ვთხოვე,
გავცილდი ხალხს მოფუსფუსეს, შევიყვარე სიმარტოვე,
რომ ოცნების სამეფოში ერთხელ მაინც დამენახე,
მაგრამ შენი შორი სახე ვერსად ვნახე, ვერსად ვნახე!
და დღედაღამ იმ ოცნებას კვლავ ატარებს სული ჩემი,
იდუმალად არარა მაქვს მწუხარე ჟამს ნუგეშმცემი;
ნისლით არის დაბურული ჩემი ზეცა და ედემი
და სალ კლდისკენ მიმართული იღუპება რწმენის გემი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი