დღიურ პროზიდან

მეოცნებესთვის ბედმა მოზიდა
ახალი ქარი ცვალებად-მქროლი,
შენ, ამხანაგო, დღიურ პროზიდან
ეფემერებში ხარ ასროლილი.

შენ საიდუმლო გადასაგები
უფრო გიტაცებს ნისლში გამქრალი,
ვინემ ახსნილი და გასაგები
სიბრძნე დიადი და სიტყვა მშრალი.

შენ მელოდიას უფრო იგონებ
საქართველოზე თქმულს მზიერებით,
ვინემ წიგნების უღრმეს სტრიქონებს
ვერდატეული მეცნიერებით.

სიტყვა ნაწყვეტი გამოგიცხადებს
უფრო მეტს, ვინემ დიდი მსჯელობა:
დღის სინათლე ჰკლავს ღამის სიცხადეს
და სიყვარულს კი მჭერმეტყველობა!

და ჟრუანტელით ისე, ვით ბავშვი,
შენ საუკუნე გიცქერის შიშით,
მიექანება ის ბრძოლის შვავში
ფხიზელი მიზნით და ანგარიშით.
კომენტარები (0)