ერთხელო - ჰყვება შარდენი..
ერთხელო, - ჰყვება შარდენი, - ვმოგზაურობდი მე გემით, რომელიც, ვით შევარდენი, ჰქროდა ვაჭრობის ემბლემით. გემი - შორეულ მხარიდან, სავსე ნავაჭრი ქონებით, ნავსადგურ ისგუარიდან წამოყვანილი მონებით. ყოველ საღამოს, ასეთ მკაცრ ბაქანზე გამოხორგილებს, ადებდნენ ორ-ორ მამაკაცს ხელ-ფეხზე მძიმე ბორკილებს. დილით კი ხსნიდნენ: ვით ღრღნიდნენ ყურს ხმანი საავდარონი, რა მწუხარებას მე მგვრიდა იმ ბორკილების ჟღარუნი. დილ-დილით, ნაპირთ ქვიშაზე მრავალი ჩნდა კოცონები: ეს იყო იმის ნიშანი, რომ მოიყვანეს მონები. ეს იყო იმის მგონები, რომ დაგროვება დიდია, რომ მოიყვანეს მონები და ყველა გასასყიდია. ნავით, ბაწრებით, საკონლით იქ გაგზავნილი, ხველებით სწრაფლ გემზე ცოცხალ საქონლით ჩნდებოდნენ გამყიდველები. ვაჭრობაც იქ იწყებოდა ქისათა ბრჭყვიალ-კიაფად, და კაცი იყიდებოდა სულ ჩალის ფასად, იაფად. თხუთმეტ ეკიუდ - ვაჟები, თორმეტ ეკიუდ - ქალები, სამ-სამ ეკიუდ - ბავშვები, იყიდე, გენაცვალები! სიდან სად შემონაჩარი, იქვე, - განაგრძობს შარდენი, - სჭვრეტდა ბერძენი ვაჭარი, ქალი სდგას და ღირს ამდენი. მოიღო ქისა, დათვალა და ჯიბედ კვლავ ჩაიკიდა. ისევ დათვალა და ქალი თორმეტ ეკიუდ იყიდა. ოცდახუთი წლის სულ იყო ჩვენს გემზე შუქთა მთოვარი, თან ჰყავდა მისი სულიკო: პატარა, ძუძუმწოვარი. გადასარევად ლამაზი, შვენოდა სახის ნაკვთები, ყორნისფრად კრთოდა თმა ნაზი, თმა ყელზე გადანაგდები. რა იყო სინაზე კანის, ო, ფერიც, ფერი კანისა, ფერი ცვრით გადანაბანის, ნამდვილი მთის შროშანისა! არასდროს, - ჰყვება შარდენი, - სხვა არ მინახავს მე ქალის გულ-მკერდი, მშვენი ვარდები, მომრგვალო ბროლის ფიქალის. ერთ-იმავე დროს ეს ქალი, ჩემში იწვევდა ჩუმს, მალულს, მღელვარე სურვილს და კვალად რაღაც მწვავს, უღრმეს სიბრალულს. და გემი გაჰყვა ისევ წყალს, ფიქრნი კი, მონავარდენი, თან მიჰყვებოდა აფხაზ ქალს... ასე ამთავრებს შარდენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი