ესტონეთს
ჩვენი მხურვალე სალამი მხარეს, რომელსაც ჰშვენის სახელი - „ესტი“. ჩვენებრ ჰფარავდა, თუ არ უარეს, შავი ღრუბელი, ცივი ნორდ - ვესტი. მაგრამ გაირღვა რკინის კარები და გადმოეშვა მსგავსებად ტალღის - თავისუფლება, დარის დარება და ნებისყოფა მშვენიერ ხალხის. განათლდა გმირის კალევას კვალი, მიმოეფინა ბაღებს ყვავილი. იმ ორთავიან მტაცებლის თვალი, ის წინანდელი სკანდინაველი გაჰქრა, ვით ბნელი ღამის ზღაპარი. ახალი სიბრძნით სავსე მხარეში - ყველანი ბედით ვართ თანაბარი ერთა მშვიდობის სიელვარეში. და მეგობრებად გვეხვევიან გარს მზიურ ქვეყნების მკვიდრი მდგმურები. მეც Esti Kannel-ს (ესტონეთის ქნარს), მღელვარე ჩანგით ვეხმაურები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი