ვარსკვლავიანი კამარა ბრწყინავს!
ვარსკვლავი იწვის, ვარსკვლავი ბრწყინავს, ვარსკვლავიანი კამარა ელავს, მოდის, მოცურავს შუაღამის ბინდი, და ჩრდილი ჩრდილზე მიდის, მიღელავს... რძისფერ სინათლით გარშემოხვეულს, ბავშვური ძილით ქვეყანას სძინავს... ვარსკვლავიანი კამარა ელავს, ვარსკვლავიანი კამარა ბრწყინავს... მომხიბვლელ ჯადოს მყუდროებისას ქვეშ მოჰყოლია მაღალი მთები, და მუდმივ თოვლით გადაფარულნი სხედან ამაყად, როგორც მდევები. და ყინულისგან ქანდაკებული, მათი გვირგვინი ბრწყინავს და ბრწყინავს. სიჩუმეს არღვევს მხოლოდ ნიავი, ტყისა ფოთლებში როცა დაჰფრინავს, და მისი სუნთქვა, ვით დედის ნანა, მძინარე სოფელს თავზე ევლება, ალერსიანი ნიავი დაჰქრის, ალერსიანი ნიავი კვდება... ვდგევარ მთის წვერზე განმარტოებით, გულშივ ვიკავებ მომსკდარ სიმღერას - ვარსკვლავიანი კამარა ჯაჭვავს სმენას, სიმღერას და თვალთა ცქერას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი