ვიცი მხოლოდ
მე არ ვეძებდი დაღუპვას განა, ნიჩბით გრიგალებს ოდეს ვსერავდი? იქ ტკბილი კი არ მესმოდა ნანა, მე იქ ვიბრძოდი ბედისწერამდი. არ დავცინოდი სიბერეს განა, ვგრძნობდი რა ძლიერ ძალს აღმაფრენას? ოდეს ვერცხლავდა ამხანაგთ სახეს საბედისწერო თოვლების ფენა. ოჰ, ბევრი მოწყდა ფოთლები წარსულს, სიზმრები, წიგნი, სახლი, ქალები, მაგრამ უმცროსი ძმები გაძარცულს მმოსავდენ ახალ დაფნა-ალებით. რგოლი რგოლს მიყვა, მე კი - მომავალს. მე მოვიტანე ოცნება დღემდე. აქამდე ვსვამდი ნეკტარებს მრავალს, გრიგალს, ქარიშხალს ვსვამ ამის შემდეგ. რად მინახავდა, არ ვიცი, ბედი, ცეცხლში, წყვდიადში ვიყავ ფარული, და გვიან წელთა იმედის გედი მომყვა უვნებლად გადაქარული. მე ვიცი მხოლოდ: ვიხარებ, ვივლი, გათენებამდე უნდა ვიბრძოლო, არა ერთი მსურს ვპოვო ყვავილი, და დამჭკნარები გადავისროლო! მე ლაჟვარდიდან ოცნებით მუქით გამიტაცებდა სიცილი ქარის, თანაბრად მწვავდა პოეტურ შუქით მაგია მზის და მაგია მთვარის. მე შთავისუნთქე ხალისით ზეცა, როდესაც ცეცხლი მოვარდა მიწის, ვარდის ღრუბლები გადაილეწა: ზეცის მაგიერ ქვეყანა იწვის. და ამ წუთების ქარში მრავალში ვინ დაინანოს გზანი ჰუნენი? იქ წარსულშიაც და მომავალში იმუქრებიან საუკუნენი. ჩავეშვათ ცეცხლში! გვიყვარდეს ნთება! მასში იმედის ბევრი რამ არის. გამოსათხოვარ ღიმილით ქრება მაგია მზის და მაგია მთვარის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი