თასი
თასს სადღეგრძელოს ხელში ვიღებ ასსა და ათასს. დაე, ესმოდეთ: ერთმანეთის გატანა ვიცით. შეხედეთ ამ თასს, მეომრებო, შეხედეთ ამ თასს, იგი სავსეა არა ღვინით, არამედ ფიცით. ქართველის ფიცით, ვისიც ეხლა ისმენთ გულისთქმას, მარად ერთგულის გრდემლის, კალმის, ხმლისა და გუთნის, მებრძოლის ფიცით, რომ არასდროს არ ჩავაგებთ ხმალს - მის დასაცავად, ვის სიცოცხლე ჩვენი ეკუთვნის. უსამშობლოოდ, დე, ის ღვინო გადმექცეს შხამად და სასიკვდილო გაზმორებად მოედოს ძარღვებს, როგორც ეკუთვნის, როგორც უნდა განსაცდელ ჟამად, ვინაც ფიცსა სტეხს, ვინაც ძმობის სიმტკიცეს არღვევს. სამშობლოს ჩვენსას ბევრი ომი გადუტანია, მრავალ ქარიშხალს გვიხატავდა ცხოვრება ქართლის, ის თავდადების და გმირობის მატიანეა, ეხმაურება იმ ხმალს ჩვენი ხმალი სიმართლის! თასს უკანასკნელს ვცლი. დავცალე! გადავდივარ მას, დაე, დაიმსხვრეს მტერი ჩვენის მძლავრი სიმტკიცით! ახსოვდეს ყველას, ვინც აიღებს ამ მშობლიურ თასს, რომ ის სავსეა არა ღვინით, არამედ ფიცით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი