იმ დღეს რომ იყო

იმ დღეს რომ იყო კოხი და თქეში,
პარიზზე ქარის რომ ჰქუხდა სვეტი,
მძლავრმა გრიგალმა ბულონის ტყეში
ხე ამოგლიჯა ექვსასზე მეტი.

ძირფესვიანად გულაღმა დაწვა
გადალეწილი ალვა და წაბლი,
თანაბრად გრძნობდა სიტყვას: თავდაცვა!
უბრალო ჩიტი და დირიჟაბლი.

ვერსალისაკენ განადგურების
აზვირთებული ტბა მიედინა,
შემდეგ ეკვეთა რადიოსადგურს
და კაბინებს ხმა გააკმედინა.

როგორც ქალს შიშველს სულით და ხორცით,
ბულვარს ის სეტყვა სცემს კმაყოფილი.
აცურდა ქუჩა, ნაგები ტორცით,
ნიაღვარს მიაქვს ავტომობილი.

რა საოცარი ისმოდა მარში,
როს ქარი ჩადგა და გზები მოშრა.
ამგვარ პარიზში, ამნაირ ქარში
ავაფრიალეთ კონგრესის დროშა.