იმერლის მონოლოგი
ეხლა რა ვარ, წინად უნდა გენახეთ მრავალ, მრავალ ვენახთა მევენახეთ! ზე-ქარი შენ როგორ უნდა მართო? ეგ არი: ჩემი თავია მარტო. წლები თუმც რბიან, როგორც რიონნი... წვერნი - ჭაღარად, თავნი - მელოტად, მაინც გამოვა ბესარიონი - იმ დროს, როდესაც არ მოელოდეთ! მღიმარე სახეს ეხლა ვინ არ აჩენს? კი, მარა... ჩემი პურმარილით სხვას რად გაუმარჯოს? გუფთა-გუფთად მიდის სუფთა ღრუბელი, სდუმს წყალტუბო, როგორც ტუბო სიდონიას ქუჩის. არ მოვა ხვალ გიორგი წყალტუბელი, ის სიმინდებს უჯის. (გორელისა და ხონელის არ იყოს, რწყილის ტყავი ვინმემ უნდა გაიყოს). ეხლა რა ვარ, წინად უნდა გენახეთ: მრავალ, მრავალ ვენახთა მევენახეთ. ნუ გამოეხმაურებით ჩემს აბნეულ შაირს: სხვა გვარად ვერ ვიტყვი ლექსებს სხვადასხვანაირს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი