იოველიადა

ნაწყვეტი

არის ევროპის
ზღუდეთა თანა
ერთი მცირეზე
მცირე ქვეყანა,
ქვეყანაც მცირე,
ცხოვრებაც მცირე!
დაჯექ, იტირე...
იტირე, ნანა.
პატარა ქვეყნის
სუნთქვაც კი ხშირი
სულშემკვრელია
და მწირზე მწირი...
ასე ფიქრობდა,
ფაფარს მიჰკვროდა
და შორს მიჰქროდა,
შორს, ჩემი გმირი.
მართლაც პატარა
ქვეყანა ყოველს
სულს უხშობს ათას
ძლიერ იოველს.
ბუნებას გმირულს,
კაცობას გმირულს,
ოცნებას გმირულს
და ბევრის მთხოველს.
იმის დიდების
და ძლიერების
გატაცებულ დროს
არა ერთფერი,
არა ჭაობთა
სანახაობა -
სხვა მოძრაობა
და გზა შეჰფერის.
როგორც თქვენ ხედავთ,
ფიქრობდა, მარა,
გამოსავალი
არა ჰქონდა-რა!
ოხრავდა გმირი,
კვნესოდა გმირი,
ბორგავდა გმირის
ცხოვრების შარა.
ის ვის ეგონა,
ის ვინ იცოდა,
თუ რა ნელ ცეცხლზე
გმირი იწოდა.
სურდა კარავი -
ფიქრთ შემფარავი,
მაგრამ არავინ
არ შეიცოდა.
სინამდვილეს რომ
არ დაებნიდა,
ის ოცნებაში
შვებას სძებნიდა.
უთხრა ბევრი რამ
მას გმირულმა ხმამ,
მაგრამ, ვაი, ამ
ხსნას ვაებიდან!
რამდენად უფრო
სულს შეეთვისა
ჟინი გმირობის
და დიდებისა,
იმდენად მწყრალი
აღმოჩნდა რკალი
შეუბრალებელ
ცეცხლთა დებისა.
ბრაზს უღვიძებდა
უხმარად მყოფი
ჯაჭვი, ჯავშანი,
ხმალი და თოფი.
და ეხლაც, ეხლაც
დადის ამ ქვეყნად,
როგორც აჩრდილი
და ავადმყოფი.
კომენტარები (0)