Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_fg5um3q9n2s312ea9g7o1dtvt2, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ისმენდა ნევა ტყვიების ხმაურს - გალაკტიონ ტაბიძე | პოეზია

ისმენდა ნევა ტყვიების ხმაურს


მაგრამ სხვა დღეთა რისხვას და ნგრევას
ვისმენდი, როგორც ისმენდა ნევაც
ტყვიების ხმაურს.
ყინვა გამვლელებს სუნთქვას სტაცებდა
და ქარი ხიდზე აბარბაცებდა
დაღლილ მეზღვაურს.

და გამარჯვების მზეს მონატრული,
მიმომავალი გზებზე პატრული
აბრისად სჩანდა,
როცა სინათლის გამოჩნდენ ზოლნი,
და პეტერბურგის სახლებზე სმოლნი,
გადაილანდა.

(სახლი ტიტანი - ვინა სთქვა სახლად,
იგი თამამად აეშვა მაღლა -
ძველის მგმობელი,
მიუხედავად რომ ღამენათევს
ფეხებზე მძიმე ბორკილად ადევს
მიწა მშობელი.

წავიდა მაღლა, გასცილდა კიდეც
შეღამებული ქალაქის კიდეს
გაწყობილს ტოლად -
იმ სახლებს, რომელთ სიბნელე მოდებს
მხოლოდ ცოდვებსა და მხოლოდ ჭოტებს,
აჩრდილებს მხოლოდ).

მაშინ პოეტმა - თითქო უკვდავი
გამოიძახა თავისი თავი
მომავლის რკალით.
გამოიძახა სიტყვა ნაგრძნობი
მასთან დამარხულ, მასში განგრძობილ
სიცოცხლის ძალით...

აწ ვინ-ღა დარჩა ჩვენი თაობის?
ჩვენი ცხოვრებაც დღის მოძრაობის
გზაა რაღამე.
დღესავით - კაცსაც მისდევს სამება:
გზა შუადღემდე, შემოღამება
და შუაღამე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი