ისტორიის ახალი გვერდი

საქართველოში წინად მრავალი,
ისტორიულად არწარმავალი,
ვიდოდა მტრობა, გესლით მავალი
და სისინებდა ქვეწარმავალი.

მისგან სიბნელე არეს ჰფენია,
შეხედეთ: გესლი რაოდენია!
ის ანადგურებს ვეფხისტყაოსანს,
რომ რუსთაველის ჩაჰკლას გენია.

ის შხამავს ასე უბრალოდ მზიანს
ვაჟა-ფშაველას დეკას და ღვიას,
ის წიწამურთან ილიას ხვდება
და მზიურ შუბლში უმიზნებს ტყვიას.

ყოველი კარგის წინააღმდეგი,
პირმშვენიერ დღის როს არს დამდეგი -
მშობლიურ მიწას სწყვეტს ბარათაშვილს
და სიგიჟემდე მიჰყავს ყაზბეგი.

და პოეზიის, ვით ბედისწერა,
ბნელ მწუხარებათ იცვალა ჟღერა -
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან
დასტრიალებდა ბედითი ძერა.

ჭაობებიდან იყო ეს ასე...
მაგრამ სალ კლდიდან ეხლა ძვირფასად
ამოსკდა წყარო ანკარა ასად,
მსგავსი რის ქვეყნად არ არის არსად!

სიცოცხლე დილის გულლმობიერი
სხივთა კრთომაში არის ძლიერი.
უფრო და უფრო, სულ მაღლა-მაღლა
იწევდეს მნათი პირმშვენიერი,

აღტაცებული მწვერვალთა სულით,
სამშობლოს მგრძნობი არსებით სრულით,
მგრძნობი სიცოცხლის ძალთა ფარულთა,
მთელი სიცოცხლით, სულით და გულით.

ჩვენს ხანას ვერვინ ეტყვის შეჩერდი,
ძგერს ყველა სიმი დღეს, როგორც ერთი.
თვალწარმტაცია ახალი ხანა
და ისტორიის ახალი გვერდი!