კლარა ცეტკინა
არის იმედი და შთაგონება, გზა მებრძოლებით, სწორუპოვრებით, ის მზეა მისთვის, რომელიც ცხოვრობს კაცობრიობის დიდი ცხოვრებით. ერთ ნათელ მიზანს დაისახავდა მისი ოცნება და ჭირთა თმენა, მის ხანგრძლივ და ძნელ ცხოვრების გზაზე მარადი იყო ცეცხლი და რწმენა. მხნე, გამბედავი და ახალგაზრდა თავგანწირულად მიჰქროდა ქალი, სად მეტი იყო საშიშროება, სად ბრძოლის მეტი ელავდა ალი. ვერ აშინებდა სუსხი კანონის, ვერრანაირი ძალაუფლება, ვერც ელვარება კაპიტალისა, ვერც უამინდო ცის აღრუბლება. როს ზარბაზნების მფარველობის ქვეშ ბრმა, მტაცებლური გამეფდა გრძნობა, როს ცრემლების ზღვით გაზრდილ მოგებას ინაწილებდა უსამართლობა, როს მოსყიდული იყო სინდისი, როს დღით და ღამით, როგორც მონები, ბნელ გვირაბებში და ფაბრიკებში იხუთებოდნენ მილიონები. როს ეკვატორის მხურვალე ცისქვეშ კვნესდნენ აფრიკის ჯუნგლები, მთები, ის დაჩაგრულებს უერთებდა ხმას, მის სიტყვებს ჰქონდათ არწივის ფრთები! მთელ მსოფლიოში გაისმოდა ხმა ათასწლოვანი ბორკილის მმტვრევი და აღვიძებდა პროლეტარიატს, ქალთ აღვიძებდა ის ხმა ძლიერი. ის მიდიოდა პირდაპირი გზით, როს ბევრმა მიზანს უჩვენა ზურგი, როს უბოლოოდ მეწამულ გზაზე დასცეს ლიბკნეხტი და ლუქსემბურგი, და იგი ლენინს ეხმაურება, როცა ბრწყინვალე გრიგალი მოსკდა, მოსკოვისაკენ, მოსკოვისაკენ, გაიძახდა ის - „დერ ვეგ ნახ მოსკვა“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი