კოლხიდის დაბლობზე


ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

მალარია!
ხან სიმინდი უტყვია,
ვით ეს ყანა,
ფარცხი, ფაცხა მეგრული,
გული კაცის
მოკლულია უტყვიოდ,
ხელები აქვს
უბორკილოდ შეკრული.
სასიმინდე,
ნახე, როგორ მოხრილა,
ძლივს იკავებს
ჩამომპალი მორები.
ტაროებიც
როგორ მიყრილ-მოყრილა,
რა სიშმაგით
ღრიალებენ ღორები.
არა შორი
და ველური სპილოა,
არამედ სხვა,
სიცხიანი დინება,
რომ გაშლილა -
ეს სოველი ტილოა,
მალარიის
ყვითლად აბიბინება.
აქ აყვავდეს
უნდა მხარე ფლორითა.
ბაღზე ბაღი
გესალმება გორიდან -
აქ ასეა.
მალე აშრიალდება
ფორთოხალის
და ლიმონის ბაღები,
დაიქროლებს
სიო ჩვენი შავი ზღვის
და პალმების
აიწევა თაღები.
ბურუსში ჩანს
სუბტროპიკის მცენარე,
ამ ჭაობზე
ხვალ რომ გადაიშლება.
გაუმარჯოს
აყვავებულს ამ არეს,
პირველყოფილს
რომ სპობს გადაშიშვლებას!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი