ლეგიონები
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“ დამკვრელებს ვაშა! სალამი! ქართველი თუ ალჟირელი, - მტრისათვის მწარე წალამი, გუგუნებს კომკავშირელი. - არა მორჩილი მონები, არამედ შიშ-შთამგონები, ამფეთქებლები მოდიან, მოდიან ლეგიონები! დამკვრელებს, როგორც წესია, ძმად არ წამთ უიმედონი. ჩვენი მზე რიონჰესია, ჩვენი გზა - რკინა-ბეტონი. ასწი მკლავით და გონებით ხუთწლედიანი ტონები: აღმშენებლები მოდიან, მოდიან ლეგიონები! გმირული ტემპით ვაშენოთ! ვთესოთ! ავკრიფოთ! ვიღონოთ! არ ვარგა, - გადავაშენოთ, სხვა - კარგი გამოვიგონოთ! არა მორჩილი მონები, არამედ შიშ-შთამგონები, შეჯიბრებისთვის მოდიან, მოდიან ლეგიონები! ხელდაკრეფილი და მუნჯი მოწმე არავის სჭირდება: აქტივობაა საუნჯე, როს მტერი აგიხირდება! არა მორჩილი მონები, არამედ შიშ-შთამგონები, ჩვენს დასაცავად მოდიან, მოდიან ლეგიონები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი