ლენინგრადში
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე, რაც გაოცებულ თვალებს არ ეკარება რული, ნევა - შუქების ტყეა, სფინქსი - ცოცხალი რამე, თეთრთა ღამეთა რკალებს დღე ედარება სრული. ყოველ ნაბიჯზე ვხვდები აღფრთოვანებულ პუშკინს, ის ნაპირებზე მიდის, ახალ სახეებს ხედავს, სუნთქვა მოიკის ტბების, სუნთქვა ყოველი ბუჩქის, ატორტმანება ხიდის სცდება ბრინჯაოს მხედარს. იქ, იმ ბრინჯაოს გვერდით, აკადემიის გულში, ჩემი საღამო ჰქუხდა, როგორც მღელვარე ჩანგი. აკადემია მკერდით ჩემს ჩანგს იცავდა გუშინ, აღფრთოვანების დუღდა დაუვიწყარი ჰანგი. მე დარდი მქონდა ერთის: ჩვენთან არ იყო მარრი, ის სნეულებათ ტყვეა, რა არ უშხამავს წამებს! შავს მოლანდებას ებრძვის მუხის მფარავი მკერდი, ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი