მამულო, სიცოცხლეო!
სიცოცხლეო, მამულო! მძაფრი, არა-ფარული, შვილთა შენთა ხმამაღლა სთქვან შენი სიყვარული; სიცოცხლეო, სამშობლოვ! მტერი დაუნდობელი, რომ თვალს არ გაცილებდა - ვიყავ წინამგრძნობელი. აი, როგორ მოხდა ეს: ირიჟრაჟა თუ არა - ალისფერმა სინათლემ ღრუბლებს გადაუარა. ტყეში, სადაც ვიდოდა ტყისმკაფავი მცინარე, ველად, სადაც ბაღებში ჩაფლულიყო მდინარე, იყო დილა მშვიდობის და არ იყო ტკივილი, ფრინველების გაისმა სტვენა, ჟივილ-ხივილი... აფრიალდნენ საზღვარზე შავზე შავი სვავები - ყუმბარათმტყორცნელები, მძიმე თვითმფრინავები, სურთ რომ გადმოანგრიონ ხალხის ნახნავ-ნათესი, ქალაქები, სოფლები, გზები უდიადესი. იგი მტერი ჩვენი და მსოფლიოის მტერია, მაგრამ მის უგონობას ბედი არ უწერია. და ამაოდ ტანკები იძვრიან ყაჩაღებით, ჩვენ მას უძლიერესი ცეცხლით დავეჯახებით! რაკი მძლავრობს ხალხის ხმა და თავდაცვის გენია - ვიცით, რომ საბოლოო გამარჯვება ჩვენია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი