მატარებელში (სიახლეთ ნიაღვარი)
სიახლეთ ნიაღვარი რას ნიშნავს ჩვენს მხარეში - გეტყვით თუნდაც ამგვარი უბრალო ანგარიში: მღელვარე წყალვარდნილის ლტოლვას სადარებელი, სწორი გზით გავარდნილი მიჰქრის მატარებელი. მიაქვს ქალაქს ხორბლები, სოფლად - ქარხნის გენია, უსწრაფესი ბორბლები მსოფლიოს არ სმენია. მშენებელთ ხმოვანების თუ რა სიხალისეა - ამნაირ გაქანების ხილვაც საკმარისია! ნგრევათა ნიაღვარი რას ჰგავს უცხო მხარეში - გეტყვის თუნდაც ამგვარი უბრალო ანგარიში: ჭინჭრით გადაბარდნილი, ნანგრევს სადარებელი, ხრამში გადავარდნილი გდია მატარებელი. გულს დაჰყრია ხორბლები, ბედი არ უწერია; უმოძრაო ბორბლები ცისკენ აუშვერია. საშინელი ზმანების რა გზა, რა კრიზისია - ამგვარი „წვრილმანების“ ხილვაც საკმარისია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი