მგელი და ცხვარი


თითქმის ორი
ათასი წლის
წინ ცხოვრობდა ფედრი
მან დასწერა
ბევრთა შორის
ეს არაკი მკვეთრი:

იყო სიცხე.
მოხდა ისე,
რომ წყურვილით ხელი
ნაკადულთან
წყალს მიაწყდა
ბატკანი და მგელი.

თავთავისი
წყალსასმელი
არე ჰქონდა მათგანს:
მგელს სულ მაღლა,
სულ დაბლა კი -
იმ უბედურ ბატკანს.

მაშინ მგელმა
მრისხანებით
რომ დააღო ხახა,
დაიძახა:
წყალს რად მიმღვრევ,
შენ, მართლაც რომ გლახავ!

შეკრთა კრავი,
ძლივასა სთქვა:
შენ და შენი ღმერთი,
მე ქვევით ვარ,
შენ კი ზევით,
რის ამღვრევა - ერთი!
ამ სიმართლის
გაგონებით
ჯერ დაიბნა მხეცი,
მერე კი სთქვა:
შენ არ იყავ,
შარშან აქ რომ მეცი?..

- სულ არა ვარ
დაბადებით
იმ ხნის, - ამბობს კრავი,
მგელი ეტყვის:
მაშინ მამა
შენი იყო ავი.

რაღა ბევრი
გავაგრძელოთ,
მსწრაფლ მივარდა მგელი,
არც აცივა,
არც აცხელა,
ბატკანს გაჰკრა ხელი.

მაგრამა სთქვით:
ეს ამბავი
რითი არის ძველი,
აბისინელ
კრავს თუ ერჩის
იტალიის მგელი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი