მე გამოვშორდი ავადმყოფ მხარეს

მე გამოვშორდი
ავადმყოფ მხარეს,
იქ უსიცოცხლო
ფოთლების ფენას,
კონცლაგერების
დღეებს მწუხარეს,
მიხაკისფერი
დღეების დენას.

იქ ხალხი მარხავს
პირველ სიყვარულს,
პირველ ვარდებით
წვიმით და მეხით.
ციხიდან ცდილობს
გამოსვლას ფარულს
და საზღვარგარედ
გაქცევას ფეხით.

შენ მოდიოდი.
სიცოცხლე შენი
საზღვართან მხოლოდ
ბეწვზე ეკიდა,
მაინც სიკვდილის
და შიშის სენი
კოცონად გულს ვერ
შემოეკიდა.

რაა სიკვდილი?
გზა, სასაფლაო,
სამარადისო
ბანგი, ჰაშიში
გვერდაუვლელი
მაგრამ ამაო,
უცილო, მაგრამ
არა საშიში!

ყვება უცნობი,
თუ გერმანიის
გული ვით  იწვის,
როგორც სანთელი,
სახელი ბრძოლის
და ჰენრიხ მანის,
ხმა, ოვაციის
კორიანტელი.