მთვარის ნაამბობიდან

ვიცი, ცაო, გულმავიწყო,
მე ზრუნვა ვარ, შენ - ოცნება.
არ იქნება, არ დავიწყო
ოცნებათა შემოწმება.

ბევრი მხარე მოვიარე -
ასე იწყებს ამბავს მთვარე, -
მაგრამ საქართველოსთანა
არ მინახავს არსად მხარე.

ბრწყინავს მისი ძველისძველი
უძლეველი მთა და ველი,
მისი წყალი, მისი სივრცე,
მისი შოთა რუსთაველი!

რუსთაველი მახსოვს ბავში,
ოცნებობდა ოქროს ნავში,
მიცქეროდა და თან თრთოდა,
ვით ფოთოლი თრთის ნიავში.

ვიცი, ცაო, ფანტომიდან
ზრუნვა ვარ და შენ - ოცნება.
მრავალ ახალ კარგს მომიტანს
ოცნებათა შემოწმება.

კაცთა შრომამ მალარიით
მოშხამული ატმოსფერა
ახალ ჩაით, ახალ იით
ახლად გააოქროსფერა.

აგერ მძლავრი და ტიტანი
მოსჩანს კავკასიის ტანი.
მიჯაჭვული აქ იყო და
აქ აეშვა ამირანი!
კომენტარები (0)