მიყვარს მარტო ქარიშხალი


მე ცის ვარსკვლავს არ შევნატრი, განთიადის შუქით ძლეულს,
მოსწყენია საწყალს ცაზე, უიმედოს, ფერმილეულს.
არ შევნატრი ყომრალ ღრუბელს, ცას რომ ფარავს ფრთატივტივა,
ატკივდება ხოლმე გული და ცრემლები სცვივა, სცვივა.
მე ნელ ტალღას არ შევნატრი, კლდის ნაპრალს რომ ეტმასნება,
მას ხომ გული აღარა აქვს, აღარა აქვს ცეცხლის ვნება.
მიყვარს მარტო ქარიშხალი, თვალუწვდენელ ზღვიდან ზღვამდე,
მთიდან მთამდე, ციდან ცამდე თავისუფლად მონავარდე!
მიყვარს იმის ნანგრევებზე ახალ გრძნობათ შვება-ლხენა,
მასში ცოცხლობს ფიქრთა ჩემთა იდუმალი აღმაფრენა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი