მოგონება


ტყის ფართო გზაზე, მახსოვს, ეტლი მიგვაქროლებდა,
შენს სუნთქვას ვგრძნობდი ბედნიერი, შენსა მახლობლად.
მე გიამბობდი ჩემს მრავალგვარ თავგადასავალს,
სიყმაწვილეზე გიამბობდი შთენილი ობლად.
საღამო იყო... მზე დასავლით ესვენებოდა,
ტყეს ედებოდა გამჭვირვალე და ლურჯი ბინდი,
ამ დროს ვიგრძენ, რომ შენ სრულიად ყურს არ მიგდებდი,
ეტლის სიღრმეში გადავემხე და ავქვითინდი.
წამოვიწიე და მათრახი გადავკარ ცხენებს,
ელვის სისწრაფით გზას გაეკრა ბუქ-ბუქად მტვერი,
როგორ უგონოდ მივაფრენდი გზაზე ჩემს სევდას,
როგორ უგონოდ ტრიალებდა გარს ყველაფერი.
ტყე გზას გვიცლიდა და ბინდბუნდში თვალს ვერ ვასწრებდით,
ხეების გუნდი იქ, ეტლს უკან როგორ რჩებოდა,
ისე მწყუროდა ამ დროს ლტოლვა განუსაზღვრელი,
ისე მომნატრდა, რომ გზას ბოლო არ ჰქონებოდა.
და ერთადერთი ცის ღრუბელი ვრცელ უდაბნოში
მოხეტიალე, უთვისტომო, მიუსაფარი,
თან მიგვყვებოდა განუყრელად, განუშორებლად,
მსუბუქი, როგორც განვლილ დღეთა შორი სიზმარი.
მეჩვენებოდა - თითქო ტყეში ვიღაც კვნესოდა
და მე ეგ კვნესა, უსასოო გულში მწვდებოდა,
ცრემლი მდიოდა, რადგან ჩემი უკანასკნელი,
ჩემი მწუხარე სიყვარული მაგონდებოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი