მომაკვდავი


მზე დასავლეთით გადაიხარა,
პირდაპირ სტყორცნა სხივი მთისკენა,
უკანასკნელად ბარს გადმოხედა
და დიდებულად გადაესვენა.

აგერ დაჰქროლა საღამოს სიომ,
ააშრიალა ფოთოლი ტყისა,
ფრინველთ ჭიკჭიკში, სევდის მომგვრელად,
გამოისმოდა ხმა ბულბულისა.

უხმოდ, ხის ძირში, სარეცელზედა
წევს ახალგაზრდა ფერმკრთალი სახით.
მომაკვდავია... ელის სიკვდილსა,
ელის ყოველ წუთს, თრთოლვით, ცახცახით.

უკანასკნელად ის გადასცქერის
დიდებულ სურათს, მის წინ გადაშლილს,
და ამ სურათთან ტანჯვით იგონებს
წარსულ ცხოვრებას, წამებით განვლილს.

იგონებს იმ დროს, როცა ჯერ ისევ
პატარამ იგრძნო ობლობა სულის,
იგრძნო დაკარგვა მხიარულ დღეთა,
დაკარგვა რწმენის და სიხარულის.

გარშემო შური, მტრობა, ღალატი
ძალას ართმევდა ადამიანებს...
და ღონემიხდილთ შეუმჩნეველად
ახუჭვინებდა დაქანცულ თვალებს.

სიყვარულის ხმა არსად ისმოდა,
არვინ სიმართლეს არ ქადაგებდა,
მხოლოდ წამების, კიცხვის და ტანჯვის
ხმა ქვეყნად ქუხდა და ღაღადებდა.

„მაშ, რაა ქვეყნად სახარბიელო,
რომ მიიზიდოს ტანჯული გული?“
ასე ფიქრობდა ყმაწვილი ხშირად,
შავი ფიქრებით გატაცებული.

მის წინ ცხოვრების შავი უფსკრული
დაუსრულებლად ქუხდა, დრტვინავდა...
და, მეორე მხრით, ბუნების ძალი
უხვად, სიტურფით მთა-ბარს ქარგავდა.

მხოლოდ იქ მტრობას ძალა არ ჰქონდა,
იქ წმინდა იყო სუყველაფერი,
როგორც წვეთები ნაკადულისა
და ლაჟვარდი ცის უმანკო ფერი.

აღტაცებული დაუახლოვდა
დიდებულ ხელით შექმნილს სურათებს,
დაუახლოვდა ხევ-ხუვებს, კლდეებს
და თვალუწვდენელ მთების მწვერვალებს.

დაუმეგობრდა მთისა ნაკადულს,
ფოთლების შრიალს, ბულბულის სტვენას,
იდუმალ ჩურჩულს ყვავილებისას,
წყაროს ტკბილ ჩუხჩუხს და ტიკტიკ-ლხენას.

ეხლა კი, როცა სიკვდილს წინ უმზერს,
მის ჩასანთქავად მომზადებულსა,
და, ამავე დროს, ხედავს ბუნებას
წარმტაცს, მშვენიერს და დიდებულსა,

არ ასვენებენ მწვავე ფიქრები,
თითქო საგრძნობლად გულს რაღაც სწყდება
და მოგონებათ აღგზნებულ კონას
შავბნელი ფარდა ზედ ეფარება.

მოისმა კვნესა... არეც დადუმდა...
ბინდი გადეკრა დედამიწასა...
მარტო ბულბული სევდის მომგვრელად
ისევ დაჰყეფდა მდუმარ მთა-ბარსა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი