მუსიკა


ფანჯრიდან მთვარის მოსჩანს გულმკერდი,
სახეზე დამთრთის მკრთალი ნათელი,
აჰა, გაისმა მუსიკა წყნარი,
გრძნობის მხიბლავი, დამტკბობ-დამწველი.
იზრდება ჰანგი, იზრდება სევდაც,
ეჰ, გასკდი გულო და გადმოღვარე,
რაც მარტოობით მოგროვილია
შენში გლოვა და ბალღამი მწარე!...
სიყვარულს ვეძებ, ტრფობა მწყურია,
მეგობარს ველი, ის კი არსად სჩანს,
მაშ, რა გაალხობს ჩემს მწუხარებას,
რა გაანელებს ჩემს ღრმა კაეშანს?
კმარა მუსიკა! ეხლა ის გულსა
მწვდება, ვით შხამი, ვითა ნაღველი,
იზრდება ჰანგი, იზრდება სევდაც,
სულის მწამლველი, გულის მდაგველი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი