მუხა


მუხა პირველი იგრძნობს ალიონს
და პირველ სალამს განთიადისას,
ამაყად გასცქერს მთას კავკასიონს,
მეფურ დუმილით დაჰყურებს მიწას.

მუხა პირველი მეხს ეგებება,
შეუშფოთებელ და მძლავრ რტოებით,
შეუშფოთებლად და მძლავრად კვდება,
ველზე მდგომარე განმარტოებით.

ყანებში სადღაც ატირდა ღალღა...
ძირს, ძირს ეშვება მოხუცი მუხა,
ნაკადს დაეცა, ნაკადმაც ტალღა
აამღელვარა, ააჩუხჩუხა.

წაიღებს ხსოვნას ჟამი პირქუში,
გასცდება დღეებს, განაპირდება;
მარტოდენ ჭოტი მუხის ძველ ღრუში
დაისადგურებს და ატირდება!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი