მფარველი იალქნები


გამოჩნდებოდა შემოდგომა ჩემი მფარველი,
როდესაც სულში დაჭკნებოდა ათასი ვარდი,
საბედისწერო ბედის ბილიკს გადავიარდი
თუ ქარიშხალი მატარებდა განუქარველი.

და მისი ხმები მომესმოდა: ზღვაო, დაწყნარდი!
შენ, ქარიშხალო, დასავლეთის გზებით წარველი.
მე მგზავრი მგოსნის ანგელოზი მქვია მფარველი,
სული იმისი სხვანაირად არის წარმართი.

ოჰ! რა ოცნება იყო ჩემთვის ასეთი ხმები!
უღრუბლო ზღვაზე მისცურავდენ მძიმე გემები
და დროშათ გროვა, დაწეწილი და დაქანცული.

შორით მოსჩანდნენ იალქნები და უფრო შორით
დატევებული ქარიშხალთა წითელ იზორით
ეხლა საამოდ ელვარებდა თეთრი კუნძული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი