ო, გიპოვე
მთის ასული სერზე შესდგა იდუმალი ხმით გართული, შუბლს გვირგვინი უმშვენებდა დაფნის ფოთლით დახლართული. და ოქროსფრად, და ოქროსფრად ელვარებდა თმა სხივნართი და სიოზე ირხეოდა გამჭვირვალე თეთრი კვართი. და თითები რითმებივით ჩამოქნილი, ჩამომდნარი ქნარს შეეხო და აღელდა უჩვეულო ღელვით ქნარი. სიომ იგრძნო და აღელდა, და გაიბნა წარმტაც ხმებში, თვით პეპლებმაც უცნაური ფრენა იწყეს ყვავილებში. ყვავილებიც კი აღელდნენ, და აღელდა ირგვლივ ყველა, არემარე შთაგონების წმინდა ცრემლმა დაასველა. ამ დროს გაჩნდა ქალწულთან ყრმა სიყვარულით, წრფელი სახით, დაიჩოქა და ხორცსხმულ სულს უთხრა თრთოლვით და ცახცახით: „ოჰ, გიპოვე! მე მიყვარდა შორეული შენი სახე, დიდხანს გძებნე და გიპოვე... დიდხანს გძებნე და, ჰა, გნახე!“ ცეცხლად იქცა ორთა გულში სიახლოვის მწველი ვნება: ერთი იყო სიყვარული და მეორე ხელოვნება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი