ო, სიხარულო, სიხარულო


ო, სიხარულო, სიხარულო
შემოქმედების,
შენ მაისი ხარ ჩვენი ველის,
ჩვენი ქედების!

მოდის მაისი აღტაცებით
და თავმომწონედ,
მთელი თავისი სილამაზით,
მთელის ძალ-ღონით.

ის გეგმავს, აგებს და ყოველი
მძლავრი შენობა
ისეთი არის, ვით მაისის
ყვავილთფენობა.

ძველ ქვეყანასთან შებრძოლებით
მოპოებული,
შემოქმედების სიხარულო,
შენია გული.

ვინც წრფელის გულით, პატიოსნად
რაიმეს შექმნის,
იყო და არის შემოქმედი
ახალი ქვეყნის.

დადგება ის დრო ბედნიერი
და სანატრელი -
მთელს მსოფლიოში გაიმარჯვებს
მშრომელის ხელი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი