ორი პოეტი

ვარდს ვინ არ აქებს? ის კი, ობოლი
ბაღში იზრდება ტუჩზე ღიმილით..
მე შევამჩნიე, რომ იმის ახლო
ორი პოეტი მივიდა დილით..
ერთმა შეახო ნაზ ყვავილს ხელი,
იფიქრა რაღაც.. ცრემლი დაღვარა,
და მეორემ კი ყმაწვილურ ჟინით
ვარდს აკოცა და გადიხარხარა..
შემდეგ.. შემდეგ კი მე გავიგონე,
როგორ კვნესოდა პირველის ქნარი,
და რა იმედით გამსჭვალულიყო
მეორეს სიმი ვნებით გამთბარი.
ჩემო ნუგეშო, რისთვის ვუძრახო,
მაშ, შენს კოცნას და ჩემს ვნების სიოს,
თუ ვარდსაც ძალუძს, ამ გაყინულ ვარდს,
დარდიც და ლხენაც გამოიწვიოს?