ორი სამყარო
ეს არის - სივრცე, ბევრ-ათეული ხვეული, ერთი გზით მონადენი, მილიარდ ციფრზე ვერ დატეული რამდენი ტყვია, შებმა რამდენი. ეს არის - ისევ აღდგენა მთელი ბელორუსიის და უკრაინის, მოსკოვს სალუტთა ხმა დღევანდელი და ჟრუანტელი ბნელი ბერლინის. ეს ის არის, რომ აეგოს წესი და ჩაჰკვდეს კრეზის გაყაჩაღება, რომელსაც ჯარი უძლიერესი მტვრად აქცევს, როცა დაეჯახება. ეს არის ნგრევა ტრესტის, მაგნატის, მიხაკისფერთა დღეობათ ნგრევა. მეურნეობა, ქვესკნელს რომ ჩადის, კრიზისების რომ არ არის ტევა. ეს არის მარცხი ერზე ძალობის, უიდეობის ყალბი ტრიუმფის, გამოფიტული კინო-გალობის, გაყალბებული რადიო-რუმბის. ეს არის - ეხლა ძალა გამტყდარი, ხავსმოკიდება და ცბიერება, როს შველას ითხოვს ჩონჩხად გამხდარი, სუნთქვაშეკრული მეცნიერება. ეს არის ბნედა შხამით დათრობის, დამპყრობელების მდაბალ მოძღვრების, ცეცხლს მიცემული ტილო მხატვრობის, ნაღმში მყოფი ბჭე ხუროთმოძღვრების. ეს არის პრესა: შლის ყვითელ ალამს, პრესა გახრწნისა, პრესა დაცემის, ამაოდა სჩრის მოსყიდულ კალამს მწერალს ბუნაგი ქურდ-ბაცაცების. ეს არის უხვად დაღვრილი სისხლი, მასთან სხვა სისხლი მონაგონია. ეს არის მტერთა სიცხე და ზიზღი, იმისი დაგვა და აგონია. ეს არის სიტყვა: ძირს მოძალენი, ეს გამარჯვებათ არის კანდელი, ეროვნებათა მარში. სტალინი. აი რა არის დღე დღევანდელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი