0 434

ოქტავები


არის არტისტის გულში კრიზისი
ან განახლების, ანუ დაცემის,
როს ორმოცდაათს გადასცდა მისი
წლები ზიზღისა და აღტაცების.
დიდი ხანია გახდა პარიზი
თავშესაფარი დაღლილ კაცების,
მათი, ვისთვისაც რეკავს საათი:
ორმოცდაათი, ორმოცდაათი!

ამოიწურა ის ფანტაზია,
მასთან ყოველი და ყველაფერი,
გარემო თითქო ისევ ნაზია,
მაგრამ სიკვდილით არის ნაფერი.
ცხოვრება ისევ ქვეყანაზეა -
არ არის ნიჭი ცით მონაბერი,
არც კარიერა ახალი რასის -
ჰკლავს სევდა, როგორც ოდესმე რასინს.

და იმ დროს, როცა წამოვა დარდი,
იარაღს სინჯავს ჯარის თითები -
იყო შუბერტი, იყო მოცარტი,
ამნაირ ღელვას ანარიდები.
გულში კვლავ ჰყვავის ია და ვარდი,
მე კი ქარიშხალს არ ვერიდები...
არა, ძვირფასო, ბედს არ ვემდური,
ქვეყნად არც ისე ვარ უბედური.
კომენტარები (0)