0 0 439
ოქტომბერის გამარჯვებისთვის
ცხრაას ჩვიდმეტში ოქტომბერის გამარჯვებისთვის
ბარიკადებზე დაცემულ გმირებს
ოდეს ვიგონებთ, არ გვიმონებს ვაება. რისთვის
ერთი ჩვენგანიც კი არ იტირებს?
- ისინი ხალხის უფლებისთვის ბრძოლაში მოკვდნენ,
გზა გაუკაფეს შრომის სუფევას,
აზრი სიმართლის, სიდიადის იცოდნენ, გრძნობდნენ,
თავი შესწირეს თავისუფლებას.
აი, რად არის, რომ გმირთ ხსენებით
არც ერთ ჩვენგანის კვნესა არ ისმის,
მათი ძეგლია სხვა გათენებით -
ანთებული დღე სოციალიზმის!
სადარაჯოზე, მათ შემცვლელად, ახალ წყობაში,
ოქტომბრის შემდეგ ურყევად მდგარი,
ოთხი მძაფრი წლის, ომების ხნის განმავლობაში
მედგრად იბრძოდა წითელი ჯარი.
რა დენიკინი, რა კოლჩაკი და რა ვრანგელი,
რა ინტერვენტი ცეცხლით და რბევით
არ წამოსულა წინააღმდეგ. ო, სივერაგე!
მათთან ბრძოლაში დაეცა ბევრი!
მაგრამ იმ მძლეველ გმირთა ხსენებით
არც ერთ ჩვენგანის კვნესა არ ისმის,
მათი ძეგლია სხვა გათენებით -
ანთებული დღე სოციალიზმის!