ოცნება კლდეზე


ცა ვარსკვლავებით შემოიჭედა,
წყნარად აცურდა ნარნარი მთვარე,
ძილს მისცემია მშვიდი მინდორი
და დაფიქრებით სდგას მთა მდუმარე.
როცა ნიავი, მთით მოწყვეტილი,
ტყის მწვანე კალთებს შეეპარება,
მაშინ ირღვევა გამეფებული
მკვდარი სიჩუმე და მდუმარება.
მე მომეჩვენა, ვითომ ოცნებას
თავისუფლების შესხმოდა ფრთები,
მე ეხლაც მახსოვს მისი მშვენება,
მისი ღიმილი, მისი თვალები.
„სად გაჰქრა“-მეთქი, ვკითხავდი ნიავს, -
და შორს გავხედე მთების მწვერვალებს;
იქ, კავკასიის კლდეზე ვამჩნევდი
მოღლილ, მოქანცულთ და მიმკრთალ თვალებს.
ოცნება კლდეზე მიჯაჭვულიყო,
ოცნება სისხლში თრთოდა და კვნესდა,
სქელი ღრუბელი თავს ევლებოდა
და ყორანთ გუნდი მის სხეულს სწეწდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი