ოჰ, როგორ მსურდა!
ოჰ, როგორ მსურდა, რომ სიყვარული, საბედისწეროდ ჩვენს გულში ზრდილი, ისე მომეწყო, რომ არ აგცლოდა ბედნიერების წმინდა ღიმილი. რომ ია-ვარდით დაგებულ გზაზე აღმენთო შენი ოცნება ტკბილი, მაგრამ არსად სჩნდა ბედნიერება, არ მოგეკარა სახეს ღიმილი. რა მოგანიჭა შენ ჩემმა ტრფობამ? მხოლოდ წამება, ვაება, გლოვა... შენმა ოცნებამ ის, ვინაც გსურდა, ჩემში ვერ ნახა, ჩემში ვერ ჰპოვა! ამაოდ ღვრიდი შუაღამისას ცრემლებს, რომელთაც არა აქვთ ფასი, ამაოდ გსურდა, რომ დაგეცალა ბედნიერების, სიწმინდის თასი. ამაოდ ფიქრებს მოუწოდებდი, ფიქრი ხომ მაინც გაგინადგურდა... ამაოდ თრთოდი... ამაოდ კვნესდი... მე ის არა ვარ, ვინაც შენ გსურდა! მაგრამ ნუ სწუხარ! შენი მგოსანი ეხლა იმ ბნელ გზით არა, არ მიდის, თავის შეცდომებს და მწარე ცოდვებს მწარე ცრემლითვე გამოისყიდის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი