პირველი ვარდი


პირველი ვარდი...
მოვიდა პირმშვენიერი მაისი,
რად დაგვავიწყდა
ძველ ნანგრევებზე ძველი ნავარდი,
კუნძული ჰავაის
და ჰავაელი პატარა ქალი
სახელად ემმა.
თუ წაიყვანა სიყმაწვილე
უცნობმა გემმა,
და დაიკარგა სადმე ყვავილი,
მიუგნებელი მხარეები თუ აიგულე,
ვინ მომიტანა ეს თაიგული,
ვის შევუყვარდი?
ბავშვობიდანვე იყავი მარტო
ჯვარზე გაკრული,
შენ სული გქონდა მეტად ფაქიზი
და დაჩაგრული.
ვიღაცამ ალბათ გაიარა
შენს სპეტაკ სულში,
აღზრდილმა შენებრ მარტოობით
და სინანულში;
ო, გული, გული, რანაირად
მტკივა კვლავ გული.
ვინ მოგიტანა შენ თაიგული?
თუ დააბრუნა სიყმაწვილე
იმავე გემმა,
და ჰავაელი პატარა ქალი,
სახელად ემმა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი