პოეტი და მასა


სოხუმი. სარკმელში
მზის ჩასვლა სანატრი.
ადრეა, ხალხით კი
სავსეა თეატრი.

და წამით სხვა მხარეს
მივყავარ სხვა ნისლში:
სულ ათი წლის წინათ,
მე მახსოვს, პარიზში

უცვლელად საერთო
ისმოდა ჩივილი:
ეს არის ჩვენი ხმა
და გულისტკივილი -

მგოსნის და მასების
მწუხარე გათიშვა:
წიგნები რად გვინდა,
თეატრი რად იშვა.

ამაოდ აგებენ
მშვენიერ თეატრებს,
ქუდი რომ შეუგდონ,
კაცს ვერვინ შეათრევს.

ამაოდ აწყვია
ყდა კარგი წიგნების,
მნატვრელი ვინაა
იმათი მიგნების.

ვინაც ჰქმნის კულტურის
რაიმე შვენებას,
იგი ხალხს გაურბის,
ვით სასტიკ ჩვენებას.

და ხალხიც: რა გვნახეთ,
რა მათი საფერი?
ეს ხომ გათიშვაა
და სხვა არაფერი.

პოეტის გზა ხალხთან
არაა ადვილი,
არ არის შეხვედრის
საერთო ადგილი.

ინგლისში ქურდების
აყვავდა რომანი,
პარიზში (ამაზე
სწუხდა ლენორმანი).

არსებობს შეძლებულ
წრეების ფართობი -
თეატრი სჭირდებათ,
როგორც გასართობი.

ეს არის მაძღართა
უგულო სკეპსისი,
მაგრამ თუ ასეა,
ვისია მერმისი?

და მძლავრი ხმა ისმის:
მასების, მასების!
იქ დიდი კულტურის
წყურვილი არსებობს.

„წავიდეთ!.. დიადი
გვექნება მგზავრობა:
თუ ხალხის ამ მხარეს
არ იცნობს მთავრობა,

ცენზურა სასტიკი,
ცხადი ან ფარული -
ჩვენ გვიცდის შეხვედრის
დიდი სიხარული:

ჩვენ გავგლეჯთ საზიზღარ
ეკლიან მავთულებს,
გულწრფელად ჩვენს მისვლას
ხალხთან რომ ართულებს“.

და მართლაც, მიდიან...
რამდენი ხანია...
და რომ ვერ მივიდნენ -
ეს დასანანია.

სოხუმი. სარკმელში
მზის ჩასვლა სანატრი.
ადრეა, ხალხით კი
სავსეა თეატრი...

აქ ვერვის ვერ ნახავთ
სხვა ფიქრით მოარეს,
მაშ: ფარდა ასწიეთ,
დავიწყოთ, დრო არის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი