პოეტის შეხვედრა მოჩვენებასთან რევოლიუციის მუზეუმის წინ 7 ნოემბერს, 1927 წ.
მძაფრი ორკესტრი ხმას ანაკადებს, გრგვინავს ქუხილი წინანდელ მონის; ლოზუნგებს, ისრებს, ფურცლებს, პლაკატებს ისვრის მანქანა რატაციონის. გრგვინავს ორკესტრი ვით წინანდელი სამოქალაქო ომის ტეხილი, ჰქრის მოგონებათ კორიანტელი წარსულ დღეებთან გადაგრეხილი. გრგვინავს ორკესტრი. სინათლეთ სვეტი ხან გაიელვებს, ხან იქუფრება - ქარიშხლიანი ცხრაასჩვიდმეტი ცხრაას ოცდაშვიდს ესაუბრება. მძლავრი გამოდის ქუჩაზე მასსა, რომ ხმამაღლა სთქვას გულისნადები. მე ვიგონებდი სიმღერის ხმასა. წარმოვიდგინე: გაჰქრა, გათავდა შიმშილის გრძნებათ, სიცივის შვავთა და დანგრევათა წელიწადები. რევოლიუციის მუზეუმიდან დაფიქრებული გვიან დავბრუნდი. უეცრად თითქო ყრუ სიჩუმიდან მოჩვენებათა შემომხვდა გუნდი. ცოცხალი მოჩვენებები: ჩვენ პოეტები ვართ არეული, ვართ შინაური და გარეული, ჩვენ დეპეშებით მივიღეთ ომი და ოქტომბერი მზა-მზარეული. ცოცხალ მოჩვენებათა მეორე გუნდი: არა! ჩვენია ბედი მთოვარი, მიწა და ზეცა სწორუპოვარი, ჩვენია ბინა და ყოველგვარი რევოლიუციის მონაპოვარი. პირველი მოჩვენება: ნება მომეცით ბგერის, ენა არა მაქვს მჭევრი, ვიყავ მამულის - ერის მხსნელ კომიტეტის წევრი. მეორე მოჩვენება: ვიყავ მეხური რიხი და ფაბრიკანტი ძელქვა! მესამე მოჩვენება: მე ეკლესია ვიყავ... მეოთხე მოჩვენება: მე ადმირალი მერქვა! - ჩვენებათ გუნდი უეცრად გაჰქრა, გაჰქრა! რიჟრაჟის საათმა დაჰკრა! ისევ ორკესტრი... სინათლით სვეტი ხან გაიელვებს, ხან იქუფრება, ქარიშხლიანი ცხრაასჩვიდმეტი ცხრაას ოცდაშვიდს ესაუბრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი